23-10-2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო გახდა უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, რომლის ფარგლებშიც, 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები განხორციელდება თბილისსა და გონიოში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ასევე დარჩა მიწის თანამესაკუთრედ, ისევე როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების, რომლებიც ასობით მილიონ დოლარს დააგენერირებს მომდევნო წლების განმავლობაში.
„საქართველომ შეძლო და სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „იგლ ჰილსთან" გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმებით, ერთი მხრივ, ჩვენ მივიღეთ უდიდესი მოცულობის უპრეცედენტო ინვესტიცია, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო გახდა ამ პროექტის თანაპარტნიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მასშტაბის პროექტიდან ქვეყნის ბიუჯეტი, მათ შორის, მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს და შემოსავალს" – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა წინა ხელისუფლების პერიოდს, რა დროსაც, ჯამურად, ცხრა მილიარდამდე იყო მოზიდული ინვესტიციის რაოდენობა. „დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ერთი კომპანიიდან მოზიდულ 6.5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე და შედარებისთვის, ვფიქრობ, ესეც კმარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მოხდება მომიჯნავე სექტორების განვითარება, ასევე დასაქმების ზრდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.