გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: გვაქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის, პოზიციონირება

27-10-2025

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, როგორ ვაპირებთ, გავამყაროთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის პოზიციონირება. სწორედ აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ახორციელებს თანმიმდევრულ ინვესტიციებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელთაც ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა და უდიდესი ღირებულების მომტანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


მინისტრმა ყურადღება რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა. მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, თბილისის ახალ აეროპორტზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ანაკლიაში ინვესტიციას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ახორციელებს. რაც შეეხება თბილისის ახალ აეროპორტს, სახელმწიფომ ვაზიანში მისი მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა 20 მლნ მგზავრი იქნება წელიწადში, ეს მაჩვენებელი დედაქალაქის არსებული აეროპორტის ამჟამინდელ გამტარუნარიანობაზე 4-ჯერ მეტია. „ვაზიანის აეროპორტის მთელი კონცეფცია ეფუძნება ტრანზიტული აეროპორტისა და ჰაბის ფუნქციას. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იმ სექტორების დინამიურ განვითარებასთან, როგორიცაა ტურიზმი, ავიაცია, ტვირთების გადაზიდვა და ა.შ." - აღნიშნა მინისტრმა.


მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე. „ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების და კიდევ უფრო მეტად განვითარების კუთხით. ერთი მხრივ, რკინიგზის მოდერნიზების პირველი ეტაპი დასრულებულია და ამით ჩვენმა ქვეყანამ ტვირთბრუნვის გაორმაგებული შესაძლებლობა მიიღო. მეორე მხრივ, წინ ბევრი გამოწვევა გვაქვს - გვჭირდება სწრაფი რეაგირება, რომ საქართველო არა მხოლოდ იყოს კონკურენტუნარიანი უშუალოდ შუა დერეფნის მარშრუტში, არამედ ჰქონდეს შესაძლებლობა, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში უზრუნველყოს ძალიან სწრაფი და ეფექტური ოპერირება, დააკავშიროს აზია ევროპასთან," - აღნიშნა მინისტრმა.