28-10-2025
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში ღვინისა და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში „VIINI & RUOKA“ მონაწილეობდა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გამართა, რის შედეგადაც, აღნიშნულ ქვეყნებში გამოიკვეთა ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება.
გამოფენა „VIINI & RUOKA“ ფინეთში მეღვინეობის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად ითვლება, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, პოტენციურ იმპორტიორებს ადგილზე გააცნონ საკუთარი პროდუქცია და ახალი სავაჭრო პარტნიორებიმოიძიონ.
გამოფენაში მსოფლიოს მეღვინეობის წამყვანი ქვეყნების 100-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა და მას ტრადიციულად 10 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.
გამოფენას ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.
მიმდინარე წელს ფინეთში ქართული ღვინო ასევე წარდგენილი იყო ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „TheFinnishHouseofNobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე; უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში 13 ღვინის ტური გაიმართა.