28-10-2025
გერმანიასა და საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მისი თქმით, კამპანიის მიზანია ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროპის ქვეყნებიდან.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში ატარებს მარკეტინგულ კამპანიებს საფრანგეთსა და გერმანიაში. ამჟამად ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს. ევროპის ცენტრალური ქალაქების მთავარი მოედნები, გამზირები, მეტროს სადგურები საქართველოს ხედებით, ზამთრის კურორტებით და სხვადასხვა ტიპის პროდუქტებითა და ვიზუალებით არის გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო კამპანიები ტარდება გერმანიასა და საფრანგეთში წამყვან ტელემედია საშუალებებში. კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს ტურისტული პროდუქტი, ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ვიზუალები და შინაარსი, რათა საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ ზამთრის ტურისტულ სეზონზე ევროპის ქვეყნებიდან“,- განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აწაროებს მიზნობრივ ბაზრეზე, ევროკაავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში.
კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის დედაქალაქის პარიზის 170 ლოკაციაზე-მეტროს სადგურებთან, ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. პარალელურად, გერმანიის უმსხვილეს ქალაქებში (ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი და ჰამბურგი ) მეტროს სადგურებში, მთავარ მოედნებსა და ცენტრალურ გამზირებზე საქართველოს ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო ბანერები დამონტაჟდა.
გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების ZDF-ის, VOX-ის, n-tv-სა და Sky-ის ეთერით მიმდინარეობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება. ტელეკომპანიების აუდიტორია 66 მილიონს აჭარბებს.
გერმანიასა და საფრანგეთში მარკეტინგული კამპანიის მიზანია ზამთრის ტურისტული სეზონის წინ საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.