30-10-2025
აშშ-ს ბაზარზე ქართული ქარვისფერი ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ საქართველოდან რვა მარნის15-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.
გამოფენაში „Orange Glou Fair“ მსოფლიოს შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა - საქართველო, აშშ, ავსტრია, საფრანგეთი, უნგრეთი, სლოვენია და გერმანია. 40-მდე კომპანიამ 150-მდე ღვინო წარმოადგინა.
ფესტივალი „Orange Glou Fair“2022 წლიდან იმართება და მასზე, ტრადიციულად, ქარვისფერი/ნარინჯისფერი ღვინის მწარმოებლები იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქარვისფერის ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა.
„ქარვისფერი ღვინო პირველად, 8000 წლის წინ საქართველოში დააყენეს და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში, დაახლოებით 30 წლის წინ, ორმა იტალიელმა მეღვინემ - ჯოსკო გრავნერმა და სტანკო რადიკონმა გაავრცელა, რომელთაც სურდათ, ამ ღვინის დაყენების სტილის შესწავლა. დღეს დაახლოებით რამდენიმე ათასი ღვინის მწარმოებელია, რომლებიც ამზადებენ ქარვისფერ ღვინოს სხვა სტილებთან ერთად“, - აღნიშნულია გამოფენის „Orange Glou Fair“ ოფიციალურ რელიზში.
ქართული ქარვისფერი ღვინო, რაც ტექნოლოგიურად ჭაჭაზე დაყენებულ ღვინოს ნიშნავს, სახელწოდებით „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა. მანამდე OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“. „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.
ერთი კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე - გამოფენაზე „Orange Glou Fair“ და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალზე „Karakterre“, სადაც ათასობით ღვინის პროფესიონალსა და მომხმარებელს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.