6-11-2025
საქართველოს პროკურატურამ შშმ პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის, გაუპატიურების და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა.
„ბრალდებულმა დაზარალებულის გონებრივი მდგომარეობით და დამყოლი ბუნებით ისარგებლა და მუქარით და ძალადობით აიძულებდა, ემუშავა მის სასარგებლოდ.
კერძოდ, ბრალდებული თითქმის ყოველდღე უშვებდა დაზარალებულს, რომ ეთხოვა მოწყალება, აკონტროლებდა მის ქმედებას და თანხას სრულად ართმევდა. წინააღმდეგობის ან მისთვის არასაკმარისი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, ბრალდებული ცემითა და მოკვლით ემუქრებოდა დაზარალებულს, რითაც შეუქმნა იძულებითი, დამაშინებელი გარემო და ჩააყენა მონობის მდგომარეობაში, სადაც ის ანაზღაურების გარეშე ასრულებდა სამუშაოს სხვა პირის სასარგებლოდ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ბრალდებულმა დაზარალებული არაერთხელ გააუპატიურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილების „დ“ ქვეპუნქტით (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.