8-11-2025
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში.
აშშ-ის მთავრობის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელმა კერი ლეიკმა, რომელიც „რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობას ზედამხედველობს, კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, შეაჩეროს უნგრულენოვანი Szabad Europa-ს დაფინანსება.
„ის [Szabad Europa] სინამდვილეში ამ ქვეყნის [უნგრეთის] დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული გლობალისტურ რადიო პროგრამას არ უნდა მოხმარდეს. ის ნატოს მოკავშირეა და გლობალისტებს ვიქტორ ორბანი სძულთ“, - აღნიშნა მან.
გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ლეიკი ცალმხრივად დახუროს Szabad Europa.
ამ წლის დასაწყისში აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე შეუმცირა პრაქტიკულად ყველა დაფინანსება მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ მაუწყებლებს, მათ შორის „ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფალ აზიას“.
Szabad Europa-მ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიხურა, თუმცა აშშ-ის კონგრესმა მისი დაფინანსება 2020 წელს დაამტკიცა უნგრეთში სიტყვის თავისუფლების შემცირების შესახებ შეშფოთების გამო.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ნოემბერს თეთრ სახლში ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრის დროს მან აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ და განაცხადა, რომ ის შემდეგ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.