გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილსი" განახორციელებს ბიზნესის მართვას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

17-11-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილსთან" მოლაპარაკებები ცხრა თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მოლაპარაკებების ნაწილში პროექტს მხარდაჭერას უწევდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო იურიდიული კომპანია.


„ვფიქრობ, ასეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო არის პროექტის პარტნიორი, ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს მომავალშიც სხვადასხვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტებისთვის, სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა - ეს ადგმევინებს მას გარკვეულ ნაბიჯებს" - აღნიშნა ნადარეიშვილმა.


პროექტებში სახელმწიფოს პასიური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ დაასახელა დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში შემოყვანილი, რეგიონში პირველი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რაც მანამდე საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი იყო. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ პროექტშიც მონაწილეობს სახელმწიფო, როგორც პასიური ინვესტორი და მისმა მონაწილეობამ განაპირობა სწორედ ის, რომ დანარჩენი ინვესტორები არიან სრულად კერძო სექტორიდან, მათ შორის, ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ-ხუთეულში შედის.


„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში და ასე შემდეგ, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი. „იგლ ჰილსის" შემთხვევაშიც, ბიზნესის მართვას, რა თქმა უნდა, განახორციელებს თავად კომპანია, ეს მათი პრეროგატივაა და მათი ცოდნის საფუძველი, თუმცა, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე - მაგალითად, სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობითი მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყავით ისიც, რომ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით ანუ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.