27-11-2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ, - ამის შესახებ სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბრალდებულებმა თურქეთის თექვსმეტ მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენი ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კონკრეტულ კომპანიებთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირები - ბუღალტერი, თარჯიმანი და სხვა პოზიციაზე მომუშავეები, სარგებლობდნენ კომპანიის დირექტორების პირადი მონაცემებით და ხელმძღვანელებისგან ფარულად, მათი სახელით, თურქეთის მოქალაქეებს უფორმებდნენ ყალბ შრომით ხელშეკრულებებს, თითქოსდა ეს ადამიანები ამ კომპანიებში გარკვეულ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ოთხივე პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.