გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პროკურატურამ თაღლითობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

12-12-2025

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის აგვისტოდან ამავე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში და ქ. რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვისი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს. აღნიშნული ქმედებით ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 11 100 ლარი გამოართვეს, ერთი დაზარალებულისაგან კი 600 აშშ დოლარის დაუფლებას შეეცადნენ.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.


საზოგადოებას უკვე მიეწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ბრალდებულებს საერთო ჯამში უფიქსირდებათ, სავარაუდოდ იდენტური დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 100-ზე მეტი ფაქტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას ისინი გამართლებული იქნენ. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოხდა დამატებით ახალი მტკიცებულებების მოპოვება, რის შედეგადაც დაკავებული იქნა კიდევ 1 (ერთი) პირი. საერთო ჯამში, გამოძიების მოცემულ ეტაპზე გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომელთაგან დაკავებულია 5 (ხუთი) პირი.


როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დეტალური შესწავლა, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენისას გაუქმდება დაზარალებულ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმები და მოხდება როგორც ფიზიკური, ისე სადაზღვევო კომპანიებზე მიყენებული მატერიალური ზიანის დადგენა.