გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა

20-12-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია დაარსებიდან 35-ე წელს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.


თავდაცვის მინისტრმა გვარდიელებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეროვნული გვარდიის როლზე გაამახვილა ყურადღება: „ეროვნული გვარდია თავისი საამაყო ისტორიით, სახელმწიფოსადმი ურყევი ერთგულების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოა. მინდა, ეროვნული გვარდიის იუბილე მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ვეტერან გვარდიელს - იმ მეომრებს, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი შრომით, ცოდნითა და გამძლეობით, მომავალი თაობებისთვის გვარდიის შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველი შექმნეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. ეროვნული გვარდიის მეთაურმა სტუმრებს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო.


ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ. გადაეცათ საშტატო იარაღები და სამკერდე ნიშნები - „ღირსეული გვარდიელი“.


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ეროვნული გვარდიის განვითარების, აღმშენებლობის, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე მედლით - „თეთრი გიორგი“ დააჯილდოვა.
ღონისძიება ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლით დასრულდა.


ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.


საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა. გვარდია იყო პირველი სამხედრო შენაერთი, რომლის ბაზაზეც შემდგომში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანას თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება, საბრძოლო ოპერაციებისას მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელება, საომარი და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენს.