გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ზვიად გაბისონიამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

24-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

 

მინისტრის მოადგილემ ფინალისტებს წარმატება მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კონკურსის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთი მომავალი ინოვატორი და ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვლინდა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება და ინოვაციები და ტექნოლოგიები ახალგაზრდებში  კიდევ უფრო პოპულარული ხდება. 

 

2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება გუნდმა „კლასტერები“ მოიპოვა. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი RescuedBy შექმნეს. პროექტი მიზნად ისახავს დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემის შექმნას, რომელიც რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში  დაკარგული ადამიანების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას უზრუნველყოფს.

 

მეორე ადგილზე გასული გუნდი - „არმმო“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. თბილისის N 9, ფოთის N5 საჯარო სკოლისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა, შექმნა პროექტი „ტარებადი ეგზოსკელეტი პოსტინსულტური, მოტორული დარღვეული ფუნქციების აღსადგენად.“ ეგზოსკელეტი განკუთვნილია ინსულტის ან ფიზიკური ტრავმის შედეგად დაზიანებული ზედა კიდურის ფუნქციონირების ეტაპობრივი აღდგენისათვის.

 

მესამე ადგილზე გასული გუნდი - RiskTrackers”-ის ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია CERN-ს ეწვევა. გუნდის წევრებმა შექმნეს პროექტი, რომლის მიზანია მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემის შექმნა, რომელიც მეწყერ საშიშ ზონებში ნიადაგის გადაადგილებისა და ნალექიანობის მონაცემებზე დაყრდნობით მეწყრის, წყალ მოვარდნისა და ხეობებში წყლის დაგუბების საფრთხეების დროულად პროგნოზირებას ახდენს.

 

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ კონკურსანტებს სპეციალური პრიზები გადასცეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: „სელფმა“; „ლინეატმა“, „საქპატენტმა“ და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ.

 

წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში  ქვეყნის მასშტაბით მასში 101 გუნდი, სულ 337 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან ფინალურ ეტაპზე  12 გუნდი გადავიდა.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

 

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ალან პერსელმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ვალიდ აბუ-ჰაიამ, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.