გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

დავით სონღულაშვილი კონფერენციაზე „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ სიტყვით გამოვიდა

27-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციაში „პური ჩვენი არსობისა: ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა“ მონაწილეობა მიიღო.


სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ქართული ხორბლის, როგორც ქვეყნის ისტორიისა და იდენტობის შემადგენელ ნაწილზე ისაუბრა და ყურადღება იუნესკოს მიერ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები” კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ეს არის საერთაშორისო დასტური იმისა, რომ საქართველო არის ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა, სადაც მიწასთან ურთიერთობა და თესვის კულტურა თაობიდან თაობას გადაეცემოდა როგორც ცოდნა, ტრადიცია და ღირებულება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რომლის მიერ გაწეული შრომა იყო ამ წარმატების საფუძველი. ცენტრის მეცნიერებმა და მკვლევარებმა წლების განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების კვლევასა და დოკუმენტირებაზე. სწორედ მათი მეცნიერული მტკიცებულებები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დოსიეს მომზადება გახდა იუნესკოში წარმატებული წარდგენის საფუძველი“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სათესლე მასალის წარმოების გაძლიერების მიმართულებით. ქართული ხორბლისა და პურის ცხობის პოპულარიზაციის მიზნით, იგეგმება  მხარდამჭერი პროგრამების ფორმირებაც.


დავით სონღულაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საფუძველზე, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ხორბალი მსოფლიომ გაიცნოს არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობა, არამედ როგორც ხარისხიანი აგროპროდუქტი.


მინისტრმა, იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის აღიარებაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს,  საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანს, კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს გადაუხადა.