29-12-2025
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად და ისეთი საშუალებით, რამაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ბრალდებულები განზრახ მკვლელობის მიზნით თავს დაესხნენ კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაღაზიის მფლობელი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ასევე, ადგილზე მყოფი პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის ,,ბ" და ,,ი" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად) და ერთ ბრალდებულს 18 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.