30-12-2025
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის ტექნოპარკში გარემოსდაცვით მიმართულებებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვისა და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცათ ცენტრის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო ლიტერატურა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
„ცენტრის მიერ შემუშავებული მასალები ახალგაზრდებს ცოდნას გაუღრმავებს და გარემოსდაცვითი ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.