გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლიზ ტრასი: არასამთავრობოების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ასეულობით „კვანგოში“ ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან

10-01-2026

„ბლერისტებმა“ ძლიერი ქსელები შექმნეს ატლანტის ოკეანის გაღმა თანამოაზრეებთან, კლინტონსა და ობამასთან, ევროპაში კი - ევროკავშირის მეშვეობით. მათი სულიერი სახლი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. ამ პოლიტიკოსებსა და მათ თანამგზავრებს მხარს უჭერდნენ მრავალმილიონიანი ფონდები.


არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ბრიტანეთის ასეულობით „კვანგოში“ ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, საკუთარ შოუში განაცხადა.


მისი თქმით, ბრიტანეთში ბიუროკრატია სულ უფრო მეტად იზრდებოდა, პოლიტიკოსების დამოუკიდებლობის ხარისხი პირიქით - მცირდებოდა. ამასთან, მედია სულ უფრო მეტად მოექცა კონტროლის ქვეშ, საბოლოოდ კი, ბრიტანეთის ინსტიტუტები „ევროპეიზდა“

„აქტი აქტის მიყოლებით მიიღებოდა, რომლითაც პარლამენტი საკუთარ ძალაუფლებას თმობდა. ადამიანის უფლებათა აქტმა უცხოელებს იგივე უფლებები მიანიჭა, რაც ადგილობრივ ბრიტანელებს. კონსტიტუციური რეფორმის აქტმა სასამართლო ხელისუფლება ანგარიშვალდებულებისგან გაათავისუფლა და ათასწლოვანი საერთო სამართლის ტრადიციას მოსწყვიტა.


2005 წელს შეიქმნა ყალბი უზენაესი სასამართლო. შეიქმნა ახალი „დამოუკიდებელი“ ორგანოები მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებაზე. მონეტარული პოლიტიკა გადაეცა ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალ ინგლისის ბანკს. მუდმივი ბიუროკრატია გამაგრდა და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმისა და მმართველობის აქტით, ხელშეუხებელი გახდა. DEI კანონად იქცა თანასწორობის აქტით.


ძალაუფლების ეს გაფანტვა თან სდევდა პარტიებისთვის უფრო მკაცრ წესებს, რომლებიც თითქოს ყოველთვის მემარჯვენეებს უფრო მეტად აზიანებდა, ვიდრე მემარცხენეებს, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების, არჩევნებისა და რეფერენდუმების აქტი, რომელმაც საარჩევნო კომისია შექმნა. ნაკლები ძალაუფლებითა და მეტი ბიუროკრატიით პოლიტიკოსების ხარისხი დაეცა. მედია სულ უფრო მეტად მოექცა კონტროლის ქვეშ ახალი რეგულაციებითა და მედიის მარეგულირებლის შექმნით. ბრიტანეთის ინსტიტუტები „ევროპეიზდა“,- განაცხადა ლიზ ტრასმა.


როგორც მან განმარტა, ბრიტანეთში ევროკავშირის მინი მოდელი უნდა ამოქმედებულიყო, სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ამ ქვეყანამ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, ევროკავშირი მაინც დარჩა დიდ ბრიტანეთში.


„ინგლისური საერთო სამართალი უნდა ჩანაცვლებულიყო ევრო-კონსტიტუციონალიზმით - ძალაუფლების გამიჯვნით, სადაც გადაწყვეტილებებს ექსპერტი ტექნოკრატები მიიღებდნენ, მინი-ევროკავშირის მოდელის მსგავსად. ამიტომაც, მაშინაც კი, როცა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, ევროკავშირი მაინც ჩვენთან დარჩა. ბლერმა ასევე გააღო კარი უფრო მაღალი იმიგრაციისა და ვოუქ იდეოლოგიის შეღწევისთვის ჩვენს ინსტიტუტებში. Black Lives Matter-მდე დიდი ხნით ადრე, მაკფერსონის ანგარიშმა მეტროპოლიტენ პოლიცია ინსტიტუციურად რასისტულად აღწერა.


ყველა ის სასიცოცხლო რესურსი, რომელიც ბრიტანულ ეკონომიკაში შევიდა, საბოლოოდ გამოიფიტა. უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა სოციალურ დახმარებაზე საგადასახადო კრედიტების გზით, რამაც დამოკიდებულების ქსელი შექმნა. ჩვენი ოდესღაც წარმატებული ნავთობის, ფოლადის და ავტომობილების ინდუსტრიები კლიმატის ცვლილების სამსხვერპლოზე შეეწირა. უგუნური სახელმწიფო ფინანსდებოდა საბანკო და ფინანსური სექტორით, რომელიც ქვიშაზე აშენებულ სასახლეს ჰგავდა და საბოლოოდ, 2008 წელს ჩამოინგრა კიდეც“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.


ყოფილი პრემიერის თქმით, ფინანსურმა კრიზისმაც ვერ შეაჩერა ბლერის ეპოქა, რომელიც უკვე მყარად ფესვგადგმული იყო. "სწორედ ამიტომ, [ბრიტანელებმა] ხმა მისცეს ბრექსიტს. ამიტომ მისცეს ხმა ცვლილებებს 2019 და 2024 წლებში და მაინც დაინახეს, როგორ ჩაეფუშათ იმედები. ბლერის საბოლოო პროდუქტი, ადამიანის უფლებადამცველი იურისტი, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, მხოლოდ 12%-იან მხარდაჭერას ფლობს და საზოგადოება საბოლოოდ მზად არის კონტრ-რევოლუციისთვის." - განაცხადა ლიზ ტრასმა.