8-02-2026
ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევამციროთ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება საზოგადოებაში, ძალიან მნიშვნელოვანი ზომები მივიღეთ ჩანაცვლებით თერაპიასთან და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანად ჩაიკეტა კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო სუბიექტები შესაბამის პრივილეგიას იყენებდნენ რეალურად ნარკოტიკების ლეგალურად რეალიზაციისთვის. შესაბამისად, მთლიანად ჩაიკეტა ეს პრაქტიკა, რაც უკვე შედეგებზეც აისახა. მაგალითად, კონკრეტული ფსიქოტროპული მედიკამენტების ფასები არის შემცირებული 12-ჯერაც კი. რაღაც ღირდა 1000 ლარზე მეტი და დღეს, მაგალითად, იგივე მედიკამენტი ღირს 80 ლარი.
ცხადია, რომ ღრმავდება ეჭვი არასათანადო დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ყველა მიმართულებით პრინციპული ზომები მივიღეთ. საზღვრების დამატებით აღჭურვა ხდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს საზღვრების კონტროლი ნარკოტიკების კუთხით. შესაბამისად, ისეთი ზომებია მიღებული, რომ ჩვენ გვაქვს ღრმა რწმენა საბოლოო ჯამში სტატისტიკის თვისებრივად შემცირებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
17-01-2026