8-02-2026
ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი - მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, რაც ჩავარდა.
„შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, ლარის კურსი დოლართან მიმართებით გადასცდებოდა 3.1-ს და ა.შ. მათ ასეთი განწყობის შექმნის სურვილი ჰქონდათ სწორედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ასახულიყო ეკონომიკაზე, თუმცა ეს ჩავარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წარმატებით შევძელით ჩვენი ეკონომიკური დღის წესრიგის შესაბამისად მუშაობა, მათ შორის შარშანდელი წლის განმავლობაში. შარშანდელი წელი ჩავხურეთ 7,5% ეკონომიკური ზრდით, მაშინ როდესაც კონკრეტული ექსპერტები საუბრობდნენ, რომ მინუსით დასრულდებოდა შარშანდელი წელი. რადიკალურად განსხვავებული იყო შედეგი. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი - მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში.
ეკონომიკა თუ სუსტდება, სოციალური ფონი მძიმდება და ასეთ პირობებში მათ მეტი შანსი აქვთ, რომ უზრუნველყონ ხელისუფლების შეცვლა, რაზეც ოცნებობენ, განსაკუთრებულად 2020 წლიდან მოყოლებული. ჩვენ საპირისპირო ინტერესი გვაქვს. ჩვენი ინტერესი ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან. ჩვენი ოპონენტების ინტერესები პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. ჩვენი ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს და ამას საზოგადოებას გრძნობს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში ხალხმა გამოგვიცხადა მაღალი ნდობა. ვერავის ვერ გავატანინებთ ამ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე. წლევანდელი პროგნოზიც არის დამაიმედებელი და ვფიქრობთ, რომ რაც არის პირველადი პროგნოზი, იმასაც გადაჭარბებით შევასრულებთ. იმედი გვაქვს, რომ 6-7%-ის ფარგლებში მაინც იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის ზრდა, რაც სავსებით რეალურია, განსაკუთრებით იმ ზომების ფონზე, რაც კორუფციის წინააღმდეგ არის მიღებული. ვფიქრობ, ესეც დამატებით მნიშვნელოვნად უნდა აისახოს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17-01-2026