9-02-2026
„ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მუდმივად ემყარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების საკითხი კი განსაკუთრებულად პრობლემურია ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ამ თემაზე ძალიან ღიად საუბარი" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ძალიან სწორი და მისასალმებელი ფორმატია აღნიშნული დებატები, რადგან სხვადასხვა პოზიციებისა და მოსაზრებების მიუხედავად, ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ საკითხი, რასაც დებატები ეხება, ნამდვილად პრობლემაა და აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.
„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, თუ რა იწვევს ფასების ზრდას და მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86 პროცენტიან ფასნამატზეა საუბარი, ასე ვთქვათ, საზღვრიდან თარომდე. ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის ცხრა პუნქტი, რომელიც პირდაპირ აისახება ფასნამატზე. ეს ცხრა პუნქტი, მათ შორის, ის საკითხებია, რომლებიც დადასტურებულია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობას. მისი თქმით, შეხვედრები შედგა, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშესთან, ვინც დაკავშირებულია და ფასწარმოქმნის ჯაჭვში მონაწილეობს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით, წარმოდგენილია 9 ტიპის გადასახადი. რომ შევადაროთ, სახელმწიფოს ჯამში ექვსი გადასახადი აქვს, თუ ჩავთვლით ქონების გადასახადსაც" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის მოსაზრებით, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე.
„არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხდება ქართულ ქსელურ მარკეტებში და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა, უპირველესად, არის ის, რომ ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი მოიძებნოს იმისთვის, რომ გაიაფდეს სამომხმარებლო პროდუქცია და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და განვითარებას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
17-01-2026