13-02-2026
ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბურ კამპანიას დადებითად აფასებს კომპანია Flowers.ge-ის წარმომადგენელი სოფო გელაშვილი. მისი თქმით, ინდოეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში, მათი ჩართულობა კი ნიშნავს პოზიციონირებას ახალ მაღალბიუჯეტიან სეგმენტში.
„ქვეყნის ცნობადობის ზრდას ინდურ საქორწილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირ კავშირებს, ადგილობრივი კომპანიებისთვის კი ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ინდური ქორწილები, ძირითადად, რამდენიმედღიანია და მოიცავს დიდი სტუმრების რაოდენობას კომპლექსურ დეკორს, ტექნიკურ უზრუნველყოფას და მრავალსერვისიან ორგანიზებას, რაც პირდაპირ ზრდის ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ მდგომარეობას“-განაცხადა სოფო გელაშვილმა.
მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა და ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება საქორწილო ინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში, ასევე იზრდება ინდოელი ვიზიტორების რაოდენობა, შესაბამისად პოტენციალი აშკარად მაღალია. საქართველო საკმაოდ კონკურენტუნარიანია: ვიზუალურად უნიკალური ლოკაციები, ევროპული გარემო, კლიმატური მრავალფეროვნება, კულტურული ავთენტურობა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ინდური კულტურის ცოდნა, დიდი მასშტაბის ლოგისტიკის მზაობა. ეს მიმართულება გახდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეკონომიკურად მომგებიანი ნიშა ივენთ-ინდუსტრიაში“,-აცხადებს სოფო გელაშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.
პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.
ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
17-01-2026