23-02-2026
გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქათველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, პოლიტიკურად არის საკმაოდ მტკივნეული და ამის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში თავშეკავებული პოზიცია იყო ამასთან დაკავშირებით.
„გახსოვთ მაგალითად, თუ არ ვცდები 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს, გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ. აქაც მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ სოციალური ბაზების გადამოწმებაზე, ეს არ იყო გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ არსებითად ეს პროცესი არ დაწყებულა, 2020 წელს კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება. შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49 აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ.
მე მარტივად შემიძლია, გავიხსენო სიღარიბის მაჩვენებელი იყო 21,3 პროცენტი 2020 წელს, როცა გაიზარდა ბაზა და მერე შეწყდა მათი გადამოწმება და 2024 წლის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი არის 9,4 პროცენტი. შესაბამისად, განახლების კოეფიციენტი იქნება მაღალი, თუმცა რამდენი და როგორ იქნება, ვერ გეტყვით. ჯანდაცვის სამინისტრო წარმართავს შესაბამის პროცესს და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი დარჩება ბაზაში და რამდენი არა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17-01-2026