გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სუსი: თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ

25-02-2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ.


როგორც სუსის განცხადებაშია აღნიშნული, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, სხვა რამდენიმე პირის მიმართ კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა, თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან/და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა.


აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები - მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც მათ მიმართაც ინდივიდუალურად, შესაბამისი სტანდარტის არსებობისას გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები.


მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს.


ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.


ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაშიც კომპლექსურად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. არცერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა.


გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გააჩნია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნულია სუსის განცხადებაში.