5-03-2026
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საქართველოში შემოტანის მიზნით, შეიძინა და ინახავდა 570 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინის“ შემცველ სითხეს, რაც 27 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება აეროპორტის მოფრენის დარბაზში ამოიღეს ბრალდებულისგან.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა) და 263-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
17-01-2026