10-03-2026
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 108,141 გრ. „მეტამფეტამინს (ფუძე)“, 2,369 გრ. „მდმას“, 18,031 გრ. „კოკაინს (ფუძე)“, 1070,32 გრ. „გამომშრალ მარიხუანას“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 713,433 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერებას „პრეგაბალინს“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბათუმში ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
17-01-2026