10-03-2026
„საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმი 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება“, - ამის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა განაცხადა.
„იმ წყალმომხმარებლებს, ვისაც ერთწლიანი კულტურა მოჰყავს, ოთხჯერადი მორწყვის შემთხვევაში, ჯამურად, უწევთ 466 ლარის გადახდა, საიდანაც მთავრობა 350 ლარამდე თანხას დაასუბსიდირებს; ფერმერს მხოლოდ 116 ლარის გადახდა უწევს; მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში კი, ფერმერი 102 ლარს გადაიხდის, სახელმწიფო კი, 306 ლარს დაუფინანსებს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების ახალი მექანიზმი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.
გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებასთან ერთად, გარკვეულ შემთხვევებში დავალიანებების ჩამოწერა იგეგმება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ფერმერებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება სუბსიდირებასა და საირიგაციო წყლის სარგებლობის პირობების შესახებ, ცხელ ხაზზე შეუძლიათ.
„პარალელურ რეჟიმში, ვმართავთ შეხვედრებს რეგიონებსა და სოფლებში. ჩვენი მიზანია, სუბსიდირებასთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა.
17-01-2026