გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე: 15 -16 მარტს ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, მოხალისეებმა, აფხაზეთის მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ ყველას ანახა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას!

16-03-2026

დღეს, გუმისთის ბრძოლებიდან 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული თანამებრძოლებისა და მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.


„15 -16 მარტი, ესაა დღეები, როდესაც, ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა მოხალისეებმა, აფხაზეთის მკვიდრმა მოსახლეობამ, კიდევ ერთხელ ყველას ანახა ის, თუ რა შეუძლია ქვეყნისთვის თავდადებას, სიმართლისთვის ბრძოლას და თავგანწირვას!.. გაცილებით აღმატებული მოწინააღმდეგე უტევდა სოხუმს და, ფაქტობრივად, 16 მარტს, მოხდა სოხუმზე რუსების მიერ დაგეგმილი გენერალური შეტევის ჩავარდნა. გუშინ იყო 15 მარტი და მინდა, ყველა არტილერისტს_ყოფილს და მოქმედს მივულოცო ეს დღე, რამეთუ, იმ დღეებმაც დაადასტურა, რომ არტილერია არის ''ომის ღმერთი''. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, ვისი შვილებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ჩემს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა იმ მებრძოლისა და გმირის წინაშე, ვინც სახე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მაშინაც და მას შემდგომაც... ჩვენი სამშობლო იქნება ძლიერი, ერთიანი და თავისუფალი,''-განაცხადა კობა კობალაძემ.


დღეს, გმირთა მემორიალზე, აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა,ასევე, გაიხსენეს და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ა(ა) იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა და დირექტორის პირველმა მოადგილემ, კობა ლაჭყეპიანმა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა.


ინფორმაციისთვის, 1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეასრულეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევისა და თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა, მაშინ, სოხუმი ვერ აიღო.