17-03-2026
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 273.58 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერებას „პრეგაბალინ“-ს. ბრალდებულები ფსიქოტროპულ ნივთიერებას ინახავდნენ როგორც პირადად, ასევე ბათუმში მათ დროებით საცხოვრებელ ბინებში. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერება სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
17-01-2026