24-03-2026
საქართველოს მთავრობის როლი და თანამონაწილეობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერასა და განვითარებაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას აძლიერებს და მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას და ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს წარადგენს. მისი თქმით, ინიციატივები მოიცავს აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებას, ფაქტორინგსა და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ახალ მექანიზმებს, რაც ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის გზით ეკონომიკაში კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„მთავრობა გააგრძელებს ინვესტორების, მსესხებლებისა და სხვა ჩართული მხარეების მხარდაჭერას. უახლოეს პერიოდში მივიღებთ დადგენილებას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო კაპიტალის ფონდების მხარდაჭერას. კერძო კაპიტალის და ვენჩურულ საინვესტიციო ფონდებში მთავრობა 40%-მდე კაპიტალით მონაწილეობას შეძლებს. ასევე შეიქმნება წამახალისებელი ინსტრუმენტები, როგორც ფონდების აქციონერების, ასევე აქტივების მმართველებისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა თემატურ პანელზე „საქართველოს კაპიტალის ბაზარი - შესაძლებლობები ადგილობრივი ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის" მთავრობის მიერ დამტკიცებულ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში ეკონომიკის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას, დანაზოგების ალტერნატიულ ინსტრუმენტებში მობილიზებასა და ინვესტორთა ბაზის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მაღალი ზრდის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება და კაპიტალის ბაზრის მეტად განვითარება.
„მთავრობა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს კაპიტალის ბაზრის სტიმულირებას. მაგალითად, თუ ობლიგაციების ბაზარზე ვისაუბრებთ, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის კორპორაციული ობლიგაციებიდან, თითქმის მესამედი მხარდაჭერილია სამთავრობო პროგრამით, რომელიც ფინანსურად ეხმარება ობლიგაციების გამოშვებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თიბისი კაპიტალის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილე დაესწრო, მათ შორის იყვნენ წამყვანი საინვესტიციო ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
17-01-2026