30-03-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან საქართველოში რაიმუნდ იელესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად, ეროვნული ფორუმი „გავერთიანდეთ სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისთვის და სურსათის შეწირულების ხელშეწყობისთვის” მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ღონისძიება ნულოვანი ნარჩენების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მისი მთავარი მიზანი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არსებული გამოცდილების გაზიარებაა.
„სურსათის დანაკარგები წარმოადგენს მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევას, მათ შორის საქართველოშიც, და გავლენას ახდენს როგორც მწარმოებლებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომ მისი მართვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და საჭიროებს კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივ ჩართულობას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი და სტრატეგია, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სურსათის უსაფრთხოებისა და დანაკარგების შემცირების მიმართულებით. ამ პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას, რაც ხელს უწყობს სურსათის ეფექტიან და მიზნობრივ განაწილებას“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სურსათის სისტემების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, სურსათის უვნებლობის გაძლიერებასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ასევე, ხაზი გაესვა ჭარბი სურსათის ეფექტიანი გადანაწილების მექანიზმების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერას.
„რეგიონის კონტექსტში საქართველო სურსათის დანაკარგების შემცირების მიმართულებით მოწინავე ნაბიჯებს დგამს. შესაბამისი კანონის მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიგნალს და მკაფიო გზავნილს ქვეყნისგან. უკვე ჩანს შედეგებიც - იქმნება სურსათის ბანკები, უმჯობესდება რესურსების განაწილება და სურსათი აღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ეს პროგრესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯებს უფრო მდგრადი შედეგებისკენ”, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს პასუხისმგებლიანი მოხმარების ხელშეწყობაზე, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებსა და ჭარბი სურსათის გადანაწილების შესაძლებლობებზე.
ფორუმის დასასრულს შემუშავდა ერთობლივი განცხადება, რომელიც ადასტურებს მონაწილე მხარეების მზადყოფნას, გააერთიანონ ძალისხმევა საქართველოში სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულების ხელშეწყობის მიმართულებით.
ღონისძიება ENPARD IV-ის პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.