4-04-2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.
მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.