7-04-2026
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა, კომიტეტის წევრებთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტოს 2025-2026 წლების ანგარიში მოისმინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის კუთხით მონიტორინგის გაზრდილ მაჩვენებლებზე, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რაც, საბოლოოდ, ქვეყანაში აგრარული სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ხელს უწყობს სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას და მაღალი სტანდარტების დანერგვას.
„სურსათის ეროვნულ სააგენტოს სამივე მიმართულებით - სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და ფიტოსანიტარია აქვს ხელშესახები შედეგები, რასაც ადასტურებს რიცხვები, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტს წარედგინა. სააგენტო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს და მასშტაბურ ღონისძიებებს და პროექტებს. ამ პროცესში პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის მხარში დგომა მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს, ეფექტიანად განვახორციელოთ მიმდინარე რეფორმები", - აღნიშნა მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა და აღნიშნა, რომ სააგენტო დღეს არის უწყება, რომელიც შესაბამისად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.