24-04-2026
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწათსარგებლობის მონიტორინგის განხორციელებისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების ტერიტორიის თვითნებური ათვისებისა და დაზიანების შემთხვევები გამოვლინდა.
სპეციალისტების მიერ სამი მიწის ნაკვეთის ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულად არის ათვისებული და მოხნული ქარსაფარი ზოლის ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 2.94 ჰექტარი, ხოლო მესამე მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობი 2.13 ჰექტარია, ფიქსირდება მიწის ზედაპირის დაზიანება, სადაც ტექნიკის გამოყენებით გაყვანილია 479 კვ.მ ფართობის ხელოვნური თხრილი.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ქარსაფარი ზოლის სტატუსით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს კანონდარღვევას, რაც ზიანს აყენებს რეგიონის ეკოსისტემას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქარსაფარი ზოლების ფუნქციურ დანიშნულებას.
შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, დარღვევის ამსახველი სრული დოკუმენტაცია გადაეგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
2-03-2026