24-04-2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, პეკინში ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგილეს ჭოუ ჰაიბინს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი სატრანსპორტო სექტორში ინარჩუნებენ მტკიცე და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, რომელიც ხასიათდება მჭიდრო თანამშრომლობით როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას. ეს იქნება მთავრობათაშორისი ფორმატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტს შორის, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, მათ შორის, ინვესტიციებზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ტვირთნაკადების კუთხით ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ როლზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება როგორც ორი ქვეყნის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზაციისა და გამტარუნარიანობის, ასევე, ზოგადად, სატრანსპორტი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რომლითაც საქართველო შეძლებს გააორმაგოს ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა და შეამციროს გადაზიდვის დრო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ასევე ენერგორესურსებისა და სამეწარმეო სფეროში.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული მექანიზმები, რომელიც „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფარგლებში ხელმოწერილი გზამკვლევით არის გათვალისწინებული. აღინიშნა, რომ გზამკვლევით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადავა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააქტიურებენ თანამშრომლობას ერთობლივი საწარმოს - Middle Corridor Multimodal Ltd-ის ფარგლებში, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით კონკრეტულ ღონისძიებებს და დამატებითი ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობას გულისხმობს.
მარიამ ქვრივიშვილმა და ჭოუ ჰაიბინმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორების ძალისხმევა სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით და აღნიშნეს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობათაშორისი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ჩინეთიდან მსხვილი ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ახალი ინიციატივების განხილვისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის.
შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს დესპანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბესიკ შარაშენიძემ.
2-03-2026