28-04-2026
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც პლასტმასის ზემოქმედებასა და მისი გამოყენების შემცირების გზებს დაეთმო. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გარემოზე ზრუნვის პრაქტიკული ჩვევების წახალისებას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა; დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასის გარემოში მოხვედრის გზებს, მის ხანგრძლივ დაშლას ბუნებაში და იმ ზიანს, რასაც ის ეკოსისტემებს აყენებს.
მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ ყოველდღიურ ჩვევებზე, რომლებიც პლასტმასის მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს. საუბარი შეეხო ალტერნატიულ, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებსა და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გარემოს დაცვის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე 100-მდე სკოლაში ჩატარდა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების პროცესში.
2-03-2026