გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს - თამარ იოსელიანი

29-05-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ. 


თამარ იოსელიანის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზეა. 


„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. სწორედ ამიტომ, დღეს ახალი ბიზნეს ლაუნჯი გავხსენით, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი მომხმარებლებისა და მგზავრების კომფორტზეა გათვლილი. ამ თვეების განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Visa-სთან, რომელმაც აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.  ასევე, აქ წარმოდგენილია „თიბისი ბანკი" „თიბისი კონცეპტის" მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალი, დამატებითი და კომფორტული სერვისებით ისარგებლონ" - განაცხადა თამარ იოსელიანმა. 


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზარდი დინამიკით ხასიათდება. მისი შეფასებით,  საავიაციო სექტორისთვის 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო -  ქვეყნის მასშტაბით, მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 14%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. ,,წარმატებული იყო 2026 წლის პირველი კვარტალიც -  რეგიონში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მგზავრთნაკადის მიმართულებით დაახლოებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. 


ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სივრცე Visa-ს კონცეფციით იქნება გაფორმებული. 


ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გავლის ( Fast Track) სერვისი ამოქმედდა, რომელიც  შეამცირებს ლოდინის დროს უსაფრთხოების შემოწმებისა და პასპორტ-კონტროლის გავლისას, რაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის მართვას გააუმჯობესებს. სერვისი იმუშავებს თვითმომსახურების პრინციპით. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს საზღვრის კონტროლის ავტომატური სისტემაც დაინერგა, რომელიც აეროპორტში გადაადგილებასა და მომსახურებას უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის.  


„ჩვენ ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მგზავრებზე ორიენტირებული, კომფორტული გარემოს შექმნა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასევე გათვლილია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებსა და ბიზნეს სექტორზე, რათა მათ ქუთაისის აეროპორტში შესაბამისი, უმაღლესი სტანდარტის მომსახურება დავახვედროთ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.