1-06-2026
თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საზეიმო მიღების ფარგლებში მოწყობილ ე.წ. „ქართული ღვინის კუთხეში“, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, გასცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას და თანამედროვე ინდუსტრიას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე, თურქეთში მოქმედი ისტორიული დიასპორული ასოციაციების, ბიზნესწრეების, ტურისტული სექტორის, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრების, კულტურის სფეროსა და წამყვანი თურქული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჯამში 400-მდე ადამიანი დაესწრო.
ქართული ღვინის წარდგენა მსგავს ფორმატში მიზნად ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას ისახავს.