7-06-2026
თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ფორუმში „ნულოვანი ნარჩენი“ სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი, მათ შორის, პოლიტიკის შემმუშავებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურები, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების ეფექტიანი, მდგრადი და გამძლე აგროსასურსათო სისტემების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოსთვის ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდასთან, სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებასთან, სოფლის განვითარების ხელშეწყობასთან და ფერმერთა შემოსავლების ზრდასთან. დღევანდელ სულ უფრო რთულ გლობალურ გარემოში, რომელიც კლიმატური გამოწვევებით, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებით ხასიათდება, სურსათის დანაკარგების შემცირება აღარ წარმოადგენს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორის პრიორიტეტს, იგი ასევე ეროვნული მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აღნიშნა ზურაბ ეზუგბაიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციისა და აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერების მიმართულებით. მიზნობრივი ინვესტიციებისა და მხარდამჭერი პროგრამების მეშვეობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შენახვის, გადამუშავების, ლოგისტიკისა და ბაზარზე წვდომის ინფრასტრუქტურა, რაც მწარმოებლებს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებისა და უფრო მაღალი ღირებულების ბაზრებზე გასვლის უკეთეს შესაძლებლობებს აძლევს.
„მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირება მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას აგროსასურსათო მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში. საქართველო მზად არის გააგრძელოს ინვესტირება თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და პარტნიორულ ურთიერთობებში, რომლებიც რეალურ სარგებელს მოუტანს როგორც მწარმოებლებს, ისე მომხმარებლებს. თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უფრო ეფექტიანი, მდგრადი და გამძლე აგროსასურსათო სისტემები მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ სიტყვით გამოსვლის დროს.
ფორუმი „ნულოვანი ნარჩენი“ თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობითა და პატრონაჟით ქ. სტამბოლში, 5-6 ივნისს გაიმართა.