9-06-2026
ქვემო ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათთან აგროსექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონებში ვიზიტი და ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია. ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრები გავმართეთ ადგილობრივ ფერმერებთან და მათ დეტალურად გავაცანით ის ახალი პროგრამები, რომლებიც სამინისტროს აქვს შემუშავებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ფერმერებს, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას და გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, სრულად იყოს აწყობილი წარმოების ჯაჭვი - პირველადი პროდუქციის წარმოებიდან მის გადამუშავებამდე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, ხოლო მეორე მხრივ, შევქმნათ კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქცია. სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ფერმერების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრთან ერთად ფერმერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაურ დარგალი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.