18-06-2026
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ტრანსფორმაციის და მისი მანდატის გაზრდის თაობაზე, დაკავშირებულია სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ამოცანებთან, ასევე მთელ რიგ გამოწვევებთან - როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კორპორაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საუბრისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კორპორაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ტრანსფორმაციის შედეგად შეიქმნა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
„ეს არის 20,000 მხარდაჭერილი სამეწარმეო პროექტი, დაახლოებით 90,000 სამუშაო ადგილი, 8 მლრდ ლარამდე მხარდაჭერილი ინვესტიცია.
კორპორაციასთან მიმართებაში ჩვენ ვსაუბრობთ მანდატის როგორც შინაარსობრივ, ისე დარგობრივ გაზრდაზე. ასევე მასშტაბის თვალსაზრისით, კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით, ახალი ფინანსური პროექტებით და ახალი მანდატით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მომავალი ათი წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიერ დაახლოებით 40 მლრდ ლარის საინვესტიციო და სამეწარმეო პროექტების მხარდაჭერა იგეგმება სხვადასხვა ინსტრუმენტებით.