გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

18-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.


ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 40 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო შეწამვლა, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდებით, 14 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.


„უხვი ნალექის გამო, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები შედარებით გვიან დავიწყეთ. ღონისძიებები მასშტაბურად განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მავნებლის გავრცელების შემცირებას და იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობის სექტორის წინაშე დგას. სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება, რაც ფერმერებს მოსავლის დაცვასა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. თერმული ნისლის მეთოდით ტერიტორიების დამუშავება დღეიდან დაიწყო, ხოლო ცივი შესხურების მეთოდით სამუშაოები მაისიდან მიმდინარეობს.


„ტრადიციულად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სამუშაოები ოპერატიულად იწყება. პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ დროულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორი დგას. დარწმუნებულები ვართ, რომ კოორდინირებული მუშაობითა და დროული პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელი იქნება მავნებლის გავრცელების შემცირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.


დავით სონღულაშვილთან ერთად, აჭარის რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი იმყოფებოდნენ.