30-06-2026
ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
ოლჟას ბეკტენოვის თქმით, ყაზახეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობების დინამიკური განვითარების დასტურია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, ურთიერთნდობასა და მტკიცე პარტნიორობას.
გუშინ თქვენ ნაყოფიერი შეხვედრა გამართეთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. ვსარგებლობ შემთხვევით და გულითადად გილოცავთ ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – "მეგობრობის" ორდენის მიღებას. ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ასევე მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას. ვაჭრობა და საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნათლად მიუთითებს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვან პოტენციალზე.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 570 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დღეს ყაზახეთში 600-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს ქართული მონაწილეობით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საინვესტიციო აქტივობის გასაძლიერებლად გთავაზობთ, მთავრობათაშორისმა კომისიამ შეიმუშაოს კონკრეტული წინადადებები ახალი ერთობლივი პროექტების დასაწყებად და სამრეწველო თანამშრომლობის გასაფართოებლად. განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დაეთმოს შემდეგ მიმართულებებს: სურსათის გადამუშავება, ნავთობქიმია, სატრანსპორტო მომსახურება, წარმოების მრეწველობა, სამშენებლო მასალები და ლოგისტიკა.
ყაზახეთის მთავრობა მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა ოლჟას ბეკტენოვმა.