30-06-2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაური დღესვე ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მისი საქმიანობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ყაზახეთი ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა აზიას და ამ რეგიონში ყაზახეთის როლი არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან მზარდი ეკონომიკა, შესაბამისად, ჩვენთვის ყაზახეთთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ყაზახეთთან თანამშრომლობას ამ მიმართულებითაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, სრულიად ახალ დონეზე გადადის ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთის რესპუბლიკასთან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.