გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

13-07-2026

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.


მემორანდუმის თანახმად, მხარეებს უფლება ექნებათ დანიშნონ ავიაკომპანიები რეგულარული ფრენების შესასრულებლად, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან განახორციელონ რეისები საქართველოსა და არგენტინის ნებისმიერ პუნქტს შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.


მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ავიაკომპანიების მიერ ზიარი კოდის (საჰაერო ხაზების ერთობლივი გამოყენების) შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარის ავიაგადამყვანებთან. გრძელ დისტანციებზე ფრენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზიარი კოდის აღნიშნული მოდელი მხარეთა ავიაკომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირი რეისების გარეშე, პარტნიორი (ტრანზიტული) ავიაგადამყვანების მეშვეობით შესთავაზონ მგზავრებს მოქნილი ფრენები და ერთიანი ავიაბილეთები ორ ქვეყანას შორის.


საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი პასუხობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიბერალიზაციას, ბაზრების გახსნასა და ქვეყნებს შორის გეოგრაფიული დაკავშირებადობის გაზრდას ითვალისწინებს. მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შექმნას მოქნილი სამართლებრივი ბაზა შორეული რეგიონების ბაზრებზე პოზიციონირებისა და სამომავლო ეკონომიკური თუ ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის.