14-07-2026
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გიორგი ქოჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში საირიგაციო სისტემების არსებული მდგომარეობა და მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც „საქართველოს მელიორაცია“ მიმდინარე წელს გეგმავს.
რეგიონში 4500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, მიმდინარე წელს 22 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყებაა დაგეგმილი.
ხანჩალის წყალსაცავის რეაბილიტაციის მიზნით, წელსვე იგეგმება დეტალური საინჟინრო პროექტის დამუშავებაც.
ამის პარალელურად, რეგიონში 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„2026 წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 22 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტების მშენებლობა იგეგმება. მათ შორისაა ზრესის სარწყავი სისტემის, ლომატურცხის სათავე ნაგებობისა და სარწყავი სისტემის, ასევე მურჯახეთის მაგისტრალური არხისა და ორლოვკა-სპასოვკას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების დასრულების შედეგად, სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის განვითარებისა და თითოეული ფერმერის წარმატების მთავარი გარანტია“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
ახალციხეში გამართულ სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.