17-07-2026
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Euromoney, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად მეორედ დაასახელა. ჯილდო კომპანიას 2025 წლის საქმიანობისთვის გადაეცა.
საერთაშორისო აღიარება ადასტურებს თიბისი კაპიტალის მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომასა და ლიდერის პოზიციას საქართველოში. კომპანია მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიებს, კლიენტებს ეხმარება ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიზნესს კი პროაქტიულ რეჟიმში აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ. ამავდროულად, საინვესტიციო ბანკი საქმიანობას რეგიონშიც აფართოებს.
კომპანია მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს სრულ საინვესტიციო ეკოსისტემას - კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვას, შერწყმისა და შესყიდვების (M&A) გარიგებებში ჩართულობას, კვლევებსა და ანალიტიკას, თანამედროვე საინვესტიციო პლატფორმებსა და გადაწყვეტილებებს როგორც საცალო, ისე პროფესიონალი ინვესტორებისთვის.
2025 წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე 1.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ობლიგაციები განთავსდა. შედეგად, თიბისი კაპიტალმა შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია ქართულ საინვესტიციო ბანკებს შორის, ბაზრის 52.1%-იანი წილით. საინვესტიციო ბანკმა გასულ წელს წარმატებით განახორციელა 22 ტრანზაქცია, მათ შორის 4 - საერთაშორისო ბაზრებზე.
2025 წელს თიბისი კაპიტალი არაერთ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში იყო ჩართული, მათ შორისაა: საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ლარში დენომინირებული “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” 350 მილიონი ლარის ობლიგაციები, “თეგეტა მოტორსის” მდგრადობასთან დაკავშირებული 260 მილიონი ლარის ადგილობრივი განთავსება და “სილქ როუდ ჯგუფის” 400 მილიონი აშშ. დოლარის ევროობლიგაციები.
კომპანიამ მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა საინვესტიციო სერვისების მიმართულებითაც. თიბისის მობაილბანკში განახლებულ საინვესტიციო პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა 150 ათასამდე გაიზარდა, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში სრულად განახლდა პროფესიონალი ინვესტორებისთვის განკუთვნილი TBC Capital Trader-ის პლატფორმაც, რომელიც ინვესტორებს ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს - 37 საფონდო ბირჟაზე, 5,000-ზე მეტი ფინანსური ინსტრუმენტით.
მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების, ინოვაციების დანერგვისა და პროდუქტების გაუმჯობესების შედეგად, 2025 წელს 1.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა აქტივები, რომელსაც ადმინისტრირებას თიბისი კაპიტალი უწევს.
რაც შეეხება ანალიტიკურ მიმართულებას, 2025 წელს თიბისი კაპიტალმა 200-მდე კვლევა გამოაქვეყნა, გამომწერთა რაოდენობა კი 73%-ით, 20 000-მდე გაზარდა. კომპანიამ ასევე გამართა 8 მასშტაბური კონფერენცია, რომელსაც 2 000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
გარდა ამისა, შერწყმისა და შესყიდვების (M&A) მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთში 60 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების სამი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საფონდო ბირჟაზე ლიცენზირებული წევრის სტატუსიც მოიპოვა, რაც კომპანიის რეგიონული გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“Euromoney-ს ჯილდო ადასტურებს, რომ თიბისი კაპიტალის ლიდერული პოზიცია ეფუძნება არამხოლოდ ბაზარზე ძლიერ პოზიციონირებას, არამედ ინოვაციურ მიდგომებს, გამარტივებულ პროცესებს, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმსა და მომხმარებლების ნდობას. სწორედ ამ ნდობის შედეგია, რომ 2025 წელს წარმატებით ვმართავდით კლიენტების 1.3 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს. საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკიდან რეგიონულ მოთამაშედ ჩამოვყალიბდით და ამ გზას 2026-შიც ვაგრძელებთ. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც ჩვენი საქმიანობა გავაფართოვეთ - თიბისი კაპიტალმა, ექსკლუზიური ფინანსური მრჩევლის როლში, მხარი დაუჭირა PASHA Bank-ს IPO-ს წარმატებით განხორციელებაში. ვაგრძელებთ ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც ჩვენს კლიენტებს ზრდის ახალ შესაძლებლობებს მისცემს და რეგიონის კაპიტალის ბაზრების განვითარებას შეუწყობს ხელს”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.