22-07-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.
„განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ პერიოდში, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად პატრულირებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ ტურისტებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტყის ხანძრების რისკები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, - აღნიშნა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, დათა კობახიძემ.
ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები. QR კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.
ეროვნული სატყეო სააგენტო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე.ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან -თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.
შეგახსენებთ, რომსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.