გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვასა და ბაზარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას

22-07-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ სამაცივრე მეურნეობის „აგროკლუბ ჯორჯია“ საქმიანობას გაეცნო.


მინისტრმა დაათვალიერა თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და ბაზარზე რეალიზაციის საკითხები განიხილა.


„თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება აგროსასურსათო სექტორის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვასა და ბაზარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას. ამიტომაც, ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც აგროსასურსათო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე წარმოების ეფექტიანობას, რაც ქართველ ფერმერებს მეტ შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკური სარგებლის მიღების თვალსაზრისით”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


შპს „აგროკლუბ ჯორჯია“ 2023 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2023 წელს კომპანიამ სამაცივრე მეურნეობის მოწყობისთვის 350 000 ლარის დაფინანსება მიიღო.


კომპანიამ ასევე ისარგებლა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით 2023 და 2025 წლებში, სამაცივრე მეურნეობის განვითარებისთვის.


2025 წელს, ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, „აგროკლუბ ჯორჯიას“ საერთაშორისო სტანდარტების - HACCP-ისა და ISO-ის დანერგვა და სერტიფიცირება 12 000 ლარით დაუფინანსდა.


სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგად, კომპანიამ შეძლო თანამედროვე სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოწყობა და საწარმოო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.


მინისტრთან ერთად სამაცივრე მეურნეობაში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.