29-07-2026
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.
მემორანდუმი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას, სამეცნიერო ინფორმაციისა და კვლევების შედეგების გაცვლას, საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში თანამშრომლობას, ასევე სხვა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნარგაობა, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და ვაზის, ღვინისა და ხორბლის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს, მიმდინარე კვლევით საქმიანობას გაეცნენ, ასევე აღდგენილი ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინისა და ბაზაზე წარმოებული ხილის ნიმუშები დააგემოვნეს.
ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა აგრობიომრავალფეროვნების დაცვაზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე, ინოვაციური აგროტექნოლოგიების განვითარებაზე, სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.