გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინა

6-08-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოავლინეს.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 45 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.


გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


2026 წლის ივლისში დალუქულია 5 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ჯამში ამოღებულია დაახლოებით 480 კუბური მეტრი  მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.


რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 27 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, 20 - იმერეთში, 18 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 15 – კახეთში, 9 - სამცხე-ჯავახეთში, 8 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 6 - ქვემო ქართლში, 5 - მცხეთა-მთიანეთში, 3 - გურიაში, 1 კი - შიდა ქართლში. 


ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის მიზნით დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამასთან, გამკაცრებულია სანქციები. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის შემთხვევების შემცირების ტენდენცია შეინიშნება.


მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1026 ფაქტი. დალუქულია 42 უკანონო სახერხი საამქრო.