6-08-2026
ტრანსპორტის სექტორს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ძალისხმევას დებს აღნიშნული სექტორის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება საქართველოს რკინიგზის განვითარებას დიდი ყურადღებას უთმობს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ საქართველოს რკინიგზის ისტორიული განვითარების და განახლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, ინფრასტრუქტურული განახლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდას, იქნება ეს უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა, თუ ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ ჩვენი სამგზავრო მიმართულება საქართველოს რკინიგზაში დღითიდღე უმჯობესდებოდეს და ჩვენ შევძლოთ, რომ უკეთესი მომსახურების ხარისხითა და სატრანსპორტო საშუალებებით ვუმასპინძლოთ შიდა და საერთაშორისო მოგზაურებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის 1 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება. მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, უშუალოდ ტვირთნაკადის გამტარობის ზრდას და მეორე ეს უშუალოდ გახლავთ სამგზავრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.